საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვილჰელმ კრული

1996 წლიდან დოქტორი ვილჰელმ კრული სათავეში ჩაუდგა „ფოლკსვაგენის“ ფონდს. გარდა ამისა, ოქსფორდის უნივერსიტეტში დაინიშნა გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამის (DAAD) ლექტორად და დაიკავა მაღალი თანამდებობები გერმანულ სამეცნიერო საბჭოსა (WISSENSCHAFTSRAT) და მაქს პლანკის საზოგადოებაში. დოქტორ ივილჰელმ კრული იყო და არის არაერთი ნაციონალური, უცხოური და საერთაშორისო კომიტეტის წევრი.

ამჟამად იგი გიოტინგენის ჯორჯ–აუგუსტის უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარეა; ასევე, არის ქვემო საქსონიის სამეცნიერო-საკონსულტაციო კომისიის, გოტინგენის მაქს პლანკის ბიოფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის რეგენტთა საბჭოს, მიუნხენის მაქს პლანკის ფსიქიატრიის ინსტიტუტისა და პოტსდამისა და ჰანოვერის გრავიტაციული ფიზიკის მაქს პლანკის ინსტიტუტის წევრი.

2004-2005 წლებში ვილჰელმ კრული იყო სამეცნიერო ფონდის შემფასებელ ექსპერტთა კომისიის წევრი ირლანდიაში. 2005 წელს გახლდათ მეცნიერების ახალი აკადემიის დამფუძნებელი კომიტეტის თავმჯდომარე. იგი, გერმანული უმაღლესი განათლების სისტემის წამყვან სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობდა გერმანიის სამომავლო უმაღლესი განათლებისა და კვლევითი სისტემის სტრუქტურის შედგენაში.

2005 წლიდან, სხვადასხვა დროს, დოქტორი კრული თავმჯდომარეობდა რამდენიმე საბჭოსა და კომიტეტს როგორც გერმანიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ: ავსტრიის სამეცნიერო ფონდის (FWF) საბჭოს (2010-2012); დანიის ეროვნული კვლევითი ფონდის შემფასებელ ექსპერტთა პანელს (DNRF) (2013). ამჟამად დანიის დამოუკიდებელი კვლევითი საბჭოს შემფასებელ ექსპერტთა პანელის (DFF) თავმჯდომარეა. 2011 წლიდან დოქტორი კრული გახლავთ ჰელსინკის უნივერსიტეტის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2012 წლიდან კი სინგაპურის პრემიერ-მინისტრის კვლევითი, ინოვაციური და სამეწარმეო საბჭოს (RIEC) წევრი. 2015 წელს ვილჰელმ კრული აირჩიეს ევროპული აკადემიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მთავარი საკონსულტაციო ჯგუფის (EASAC) წევრად.

2003-დან 2005 წლამდე ის ხელმძღვანელობდა ჰააგის კლუბს, 2006-2008 წლებში კი იყო ევროპული ფონდის ცენტრის მმართველი საბჭოს, ხოლო 2008-20014 წლებში – გერმანული ფონდების ასოციაციის (BUNDESVERBAND DEUTSCHER STIFTUNGEN) თავმჯდომარე.

2001 წელს დოქტორი კრული დაჯილდოვდა ლაიბნიცის მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის მედლით; 2007 წელს მიიღო შვედეთის პოლარული ვარსკვლავის ორდენი; 2009 წელს აირჩიეს კონსტანცის უნივერსიტეტის საპატიო სენატორად; 2010 წელს მიიღო ქვემო საქსონიის ეროვნული ჯილდო. დაბოლოს, 2012 წლის ივნისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტმა დოქტორი კრული დააჯილდოვა საპატიო პროფესორის წოდებით.