საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვალერია ნოვოდვორსკაია

ვალერია ნოვოდვორსკაია – რუსი პოლიტიკური მოღვაწე, დისიდენტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, ჟურნალისტი, პარტია „დემოკრატიული კავშირის“ დამაარსებელი. 1969 წელს ის სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (სუკ-მა) დააპატიმრა ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით – ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეყვანის თაობაზე საპროტესტო პროკლამაციების გავრცელების გამო. 1970–1972 წლებში მას დაუსვეს დიაგნოზი „შიზოფრენია, პარანოიდური ქცევები“ და სპეცსაავადმყოფოში იძულებით სამკურნალოდ გაამწესეს. 1972 წელს ის მონაწილეობდა იატაკქვეშა გამოცემათა ტირაჟირება-გავრცელებაში, 1973-1975 წლებში მუშაობდა საბავშვო სანატორიუმის პედაგოგად, 1975-1990 წლებში კი – სამედიცინო ლიტერატურის თარჯიმნად მოსკოვის მე-2 სამედიცინო ინსტიტუტში. 1977–1978 წლებში ვალერია ნოვოდვორსკაია ცდილობდა, შეექმნა იატაკქვეშა პოლიტიკური პარტია სკკპ-ის წინააღმდეგ. 1977 წელს მან დაამთავრა მოსკოვის საოლქო პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენათა ფაკულტეტი, 1978 წელს კი დააარსა „მშრომელთა თავისუფალ პროფესიათაშორისი გაერთიანება“. მას მუდმივად სდევნიდა ხელისუფლება: არაერთხელ მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, იბარებდნენ დაკითხვებზე, უჩხრეკდნენ ბინას. 1978, 1985 და 1986 წლებში ვალერია ნოვოდვორსკაია გაასამართლეს დისიდენტური მოღვაწეობისათვის. 1984-1986 წლებში ის დაუახლოვდა პაციფისტური მოძრაობის, „ნდობის“, წევრებს. 1987-1991 წლებში მოსკოვში ანტისაბჭოთა მიტინგების ორგანიზატორობისთვის 17-ჯერ დააკავეს და მიუსაჯეს აღმკვეთი ღონისძიება ადმინისტრაციული წესით. 1988 წელს ვალერია ნოვოდვორსკაიამ დააარსა პარტია „დემოკრატიული კავშირი“. 1988 წლიდან ის რეგულარულად აქვეყნებს პუბლიკაციებს მოსკოვის დემოკრატიული კავშირის არალეგალურ გაზეთში „თავისუფალი სიტყვა“, 1990 წელს გამოქვეყნდა მისი პუბლიკაციების კრებული. 1990 წელს „თავისუფალ სიტყვაში“ ერთ-ერთი სტატიის – „ჰაილ, გორბაჩოვ!“ – გამოქვეყნებისა და მიტინგზე გამოსვლის შემდეგ, სადაც მან საჯაროდ გაანადგურა გორბაჩოვის პორტრეტები, დაადანაშაულეს სსრკ-ის პრეზიდენტის ღირსებისა და პატივის შელახვაში და სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფაში. 1992 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ვალერია ნოვოდვორსკაიას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა (პარალელურად დანიშნა მრჩევლად ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში). 1992 წელს ნოვოდვორსკაიამ და დემოკრატიული კავშირის წევრებმა დააფუძნეს ორგანიზაცია „რუსეთის დემოკრატიული კავშირი“. იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის, 1993 წლის ბრძანებულებას რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე. ნოვოდვორსკაია აწყობდა ელცინის მხარდამჭერ მიტინგებს. 1994 წელს მონაწილეობდა პარტია „რუსეთის დემოკრატიული არჩევანის“ დამფუძნებელ ყრილობაზე. 1991-1995 წლებში ნოვოდვორსკაიას წინააღმდეგ არაერთხელ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, მალევე დაიხურა დანაშაულის შემცველი ელემენტების არარსებობის გამო. მაგალითად, 1995 წელს რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა გაზეთ „ახალ არჩევანში“ გამოქვეყნებული სტატიის გამო, თუმცა იმავე წელს შეწყვიტა საქმეში დანაშაულის ელემენტების არარსებობის გამო; იმავე წელს ხელახლა იქნა აღძრული საქმე, ამჯერად, პიკეტზე გამოტანილი ფურცლის გამო, თუმცა ეს საქმეც დაიხურა იმავე მიზეზით. რუსეთის დუმის 1995 წლის არჩევნებში ” ვალერია ნოვოდვორსკაია ეკონომიკური თავისუფლების პარტიის” სიით იღებდა მონაწილეობას, მაგრამ დამარცხდა. 1996 წელს გახდა სახელმწიფო დუმის დეპუტატის, კონსტანტინე ბოროვოის, თანაშემწე. 2008 წ. ლიტვის ინტერესთა დაცვისათვის დაჯილდოვდა რაინდის ჯვრით. ის ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ და საგანმანათლებლო საქმიანობას. ვალერია ავტორი იყო შემდეგი წიგნებისა: „სიცრუის უფსკრულის პირას“, „ჩემი მაიმუნების კართაგენი უნდა დაინგრეს“, „სასოწარკვეთილების გაღმა“ და „სლავი ქალის დამშვიდობება“.