საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მზექალა შანიძე

მზექალა შანიძე – ენათმეცნიერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

დაიბადა 1926 წლის 16 იანვარს ქალაქ თბილისში. 1943 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, თუმცა, 1945 წლიდან, მას მერე, რაც ფილოლოგიის ფაკულტეტს გამოეყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სწავლა განაგრძო სემიტური ენების ჯგუფში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (1948-1951 წწ.) გახდა აკადემიკოს გიორგი წერეთლის ასპირანტი ძველი ებრაული ენის სპეციალობით. ასპირანტურის ორი წელი გაატარა პეტერბურგში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1952 წელს თემაზე „ფარინგალური ბგერების საკითხისათვის ძველ ებრაულ ენაში“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია – 1974 წელს თემაზე „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“ (ნაშრომი წიგნად გამოქვეყნდა 1979 წელს).

1952-1954 წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძველ ებრაულ ენაში. 1953 წლიდან მუშაობა დაიწყო სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში და უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრაზე. 1958-1968 წლებში მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებაში, 1968-2002 წლებში კი ხელმძღვანელობდა ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილებას.

სხვადასხვა ხასიათის სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებზე მზექალა შანიძეს წაკითხული აქვს მოხსენებები პარიზში, ლონდონში, ბრიუსელში, ბერგენში, მოსკოვში, პეტერბურგში, ერევანში, ბათუმში, სოხუმსა და თბილისში. გარდა თბილისის უნივერსიტეტისა, სალექციო კურსს ძველ ქართულ ენაში კითხულობდა პეტერბურგში (1996, 1997 და 1998 წწ.). სხვადასხვა დროს უცხოელთათვის კითხულობდა ლექციებს თსუ ქართველოლოგიურ საზაფხულო სკოლასა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზაფხულო სკოლაში. ახლად აღმოჩენილი ქართული ხელნაწერების შესასწავლად სამჯერ (1996, 2002, 2009 წწ.) იმყოფებოდა წმ. ეკატერინეს მონასტერში სინას მთაზე. იგი თანაავტორია (ზ. ალექსიძესთან, ლ. ხევსურიანთან და მ. ქავთარიასთან ერთად) სინის ახლადაღმოჩენილ ხელნაწერთა სამენოვანი კატალოგისა, რომელიც 2005 წელს დაიბეჭდა ათენში. არის კატალოგის ინგლისური ნაწილის მთარგმნელი.

მზექალა შანიძე ავტორია 150-ზე მეტი ნაშრომისა ქართული მორფოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტუალური კრიტიკის დარგში. მისი შრომების ერთი ნაწილი დაბეჭდილია საზღვარგარეთ (საფრანგეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში).

მზექალა შანიძე არის ღირსების ორდენის (1996), აკაკი შანიძის სახელობის პრემიისა (1990) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის (2011) ლაურეატი. მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა 2016 წელს