საპატიო დოქტორები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

იოსიჰირო ფუკუიამა

იოსიჰირო ფრენსის ფუკუიამა – იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, პოლიტეკონომისტი და მწერალი. მოღვაწეობს ჯორჯ მეისონის, ჯონს ჰოპკინსისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში. უფრო მეტად ცნობილია თავისი წიგნით „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ (The End of History and the Last Man, 1992), რომლის მიხედვითაც, მთელ მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის გავრცელება კაცობრიობის სოციოკულტურული ევოლუციის ბოლო წერტილი და ადამიანური მმართველობის უკანასკნელი ფორმაა. წიგნმა გამოსვლისთანავე გამოიწვია ფართო რეზონანსი სამეცნიერო წრეებსა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის გამოსვლის მომენტიდან მასში ხსენებული მრავალი მოვლენა ეჭვქვეშ დადგა, ფუკუიამა უწინდებურად უჭერდა მხარს „ისტორიის დასასრულის“ კონცეფციას.

ფრენსის ფუკუიამა ფრიმან სპოგლის საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტში (FSI) ოლივერ ნომელინის უფროსი მკვლევარი და ამავე ინსტიტუტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის რეზიდენტია; ასევე – პოლიტიკურ მეცნიერებათა (აღიარებული) პროფესორია.

დოქტორ ფუკუიამას ფართოდ აქვს განხილული განვითარებასა და საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები. მისი ბოლო ნაშრომი – „პოლიტიკური წყობა და პოლიტიკური ხრწნა: ინდუსტრიული რევოლუციიდან დემოკრატიის გლობალიზაციამდე“ (Political Order and Political Decay: From the Industrial Revolution to the Globalization of Democracy) – 2014 წელს გამოიცა. მას ეკუთვნის ასევე წიგნები: „ამერიკა გზაჯვარედინებზე, დემოკრატია, ძალაუფლება და ნეოკონსერვატიული მემკვიდრეობა (America at the Crossroads: Democracy, Power, and the Neoconservative Legacy), „ჩვენი პოსტჰუმანური მომავალი: ბიოტექნოლოგიური რევოლუციის შედეგები“ (Our Posthuman Future: Consequences of the Biotechnology Revolution) და „ნდობა: სოციალური ღირსებები და კეთილდღეობის შექმნა“( Trust: The Social Virtues and the Creation of Prosperity.)

ფრენსის ფუკუიამას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი კლასიკური კვლევების მიმართულებით კორნელის უნივერსიტეტში და დოქტორის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით ჰარვარდის უნივერსიტეტში. არის პოლიტის მეცნიერებების დეპარტამენტის წევრი კორპორაციაში RAND და სტრატეგიის დაგეგმვის სამსახურის წევრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. ასწავლიდა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებულ პოლ. ჰ. ნიცშეს სახელობის საერთაშორისო კვლევების სკოლაში (SAIS) და ჯორჯ მასონის უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო პოლიტიკის სკოლაში. 2001-2004 წლებში იყო პრეზიდენტის საბჭოს წევრი ბიოეთიკის მიმართულებით.

დოქტორი ფუკუიამა სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარეა ჟურნალ „The American Interest“-ისა, რომლის დაფუძნებაშიც თავად შეიტანა წვლილი 2005 წელს. ასევე – უფროსი მკვლევარია ჯონს ჰოპკინსის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტში და არარეზიდენტი მკვლევარია კარნეგის საერთაშორისო მშვიდობისა და გლობალური განვითარების ცენტრში. არის კონექტიკუტის კოლეჯის, დოშიშას უნივერსიტეტის (იაპონია), კანსაის უნივერსიტეტის (იაპონია), არჰუსის უნივერსიტეტის (დანია) და პარდი-რანდ უმაღლესი სკოლის საპატიო დოქტორი, ასევე – რანდ-კორპორაციის რწმუნებულთა საბჭოს წევრი, ჟურნალების – Democracy, the Inter-American Dialogue, The New America Foundation – მრჩეველთა საბჭოს წევრი. არის ამერიკული პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის წევრი, საგარეო ურთიერთობის საბჭოსა და საერთაშორისო ურთიერთობების წყნარი ოკეანის საბჭოს წევრი.